სპეც ტრანსპორტი-ბაგირგზები
საქართველოში ბაგირგზების შესახებ (ისტორიის და მდგომარეობის მოკლე მიმოხილვა)
ეკოლოგიურად სუფთა, სპეციალური ტრანსპორტის განვითარება მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული საქართველოში პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლებოდა. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო ტექნიკური განვითარების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა მთიანი რაიონების ძნელად მისასვლელი ობიექტებისათვის ეკოლოგიურად სუფთა სპეციალური ტრანსპორტის (საბაგირო, საბაგირო-რელსური, მონორელსური) და მისი ავტომატიზირებული მართვის სისტემების კვლევის, დამუშავებისა და ფართოდ დანერგვის სამუშაოების შესრულება საერთაშორისო მოთხოვნების დონეზე. ტრადიციულად ბაგირგზების კერად საქართველოში თბილისთან ერთად ჭიათურა ითვლებოდა. აქ დღესაც კი 20- დე სამგზავრო ბაგირგზა მუშაობს, რომელთა ძირითადი დანიშნულებაა მუშა – მოსამსახურეების გადაყვანა გარეუბნიდან მაღაროებამდე.
თავდაპირველად, გასული საუკუნის დასაწყისში (1904 – 1906), ერთმა ბელგიურმა ფირმამ (სახელი უცნობია) ააგო ფუნიკულიორი, რომელიც ქალაქს უკავშირებდა მთაწმინდის დასვენების პარკსა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს.
პირველი სამგზავრო ბაგირგზა საქართველოში აიგო 1946 წელს ზესტაფონში ცნობილი ინჟინრის – გიორგი ფანცულაიას ინიციატივითა და პროექტით. ამ მცირე საცდელ ბაგირგზას მგზავრები გადაყავდა მდინარე ყვირილას ერთი ნაპირიდან მეორეზე ქალაქის ცენტრიდან მდინარის საპირისპირო მხარეს, დაბის ტიპის დასახლებაში.
ორმოციან წლებში ჭიათურაში აგრეთვე აიგო ბევრი სატვირთო საბაგირო გზა, რომლებიც ემსახურებოდა კარიერებიდან და მაღაროებიდან ქარხნებისათვის (მამდიდრებელი ფაბრიკებისათვის) მანგანუმის მადნის მიწოდებას.
1952 წელს ჭიათურაში აიგო პირველი სრულყოფილი და სოლიდური სამგზავრო საბაგირო გზა. იგი პირველი იყო აგრეთვე საბჭოთა კავშირისთვისაც.
ოთხმოციან წლებში „ბაგირგზების მშენებლობის პერსპექტიული გეგმის“ შესადგენად ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა 1500 კმ საერთო სიგრძის 650-მდე (აქედან ნახევარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების) ახალი ბაგირგზების აგების მიზანშეწონილობა.
საქართველოში, ოთხმოცდაათიან წლებამდე, საბაგირო ტრანსპორტით ყოველწლიურად გადაიყვანებოდა 11 მილიონამდე მგზავრი და გადაიზიდებოდა 7 მილიონამდე ტონა ტვირთი. მხოლოდ თბილისში საქალაქო ტრანსპორტის ქსელში ჩართული იყო ყოველდღიურად მგზავრთა გადასაყვანად გამოიყენებოდა 5 ბაგირგზა.
ოთხმოციანი წლების დასაწყისში შ.ორჯონიკიძის ინიციატივითა შეიქმნა სპეციალიზებული სამეცნიერო – საწარმო გაერთიანება „საქსპეცტრანსი“, რომლის საქმიანობის შედეგად განახლდა და აიგო ბევრი ბაგირგზა, წამოწყებული იყო სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მცირე და მობილური ბაგირგზების დაპროექტება და წარმოება (დ.ჩაჩუა, კ.სულაბერიძე).
ბაგირგზების დარგში სამუშაოთა სამეცნიერო და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა ასევე საქართველოში ხდებოდა – საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და სამთო ინსტიტუტში (კ.ბარამიძე, ა.ფესვიანიძე, ვ.კალანდაძე, დ.პატარაია, ა.ქართველიშვილი).
თავის დროზე საქართველოში დაპროექტებული და დამზადებული იყო საბჭოთა კავშირის სამგზავრო ბაგირგზების დიდი ნაწილი (ვ.ლეჟავა, მ.ჩუხრუკიძე). საქართველოში მზადდებოდა ბაგირგზის ყველა კომპონენტი გარდა ბაგირისა. დღესდღეობით სამგზავრო ბაგირგზების პარკის დიდი ნაწილი დაძველებულია და მათი შემდგომი ექსპლოატაცია, თუ არ განახლდა და გაძლიერდა ტექნიკური ზედამხედველობა და არ იქნა მიღებული სათანადო ზომები არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად, საკმაოდ რეალური საფრთხის შემცველია.
სახელმწიფო სტრუქტურებიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს სპეციალური ტრანსპორტის სამსახური კურირებს ბაგირგზების დარგს მისთვის დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
არსებული სამგზავრო ბაგირგზების საქართველოს რეგიონებში განლაგების რუქა, რომელიც შედგენილია სხვადასხვა უწყებიდან მოგროვილი და ნაწილობრივ შემოწმებული მასალის საფუძველზე (ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს) დაინტერესებულმა შეიძლება იხილოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდზე.
საქართველოს სამგზავრო ბაგირგზების რუკა