საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) გენერალური მდივანი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში 2019 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა  სააგენტოს დირექტორის, მიხეილ ხმალაძის შეხვედრა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) გენერალურ მდივანთან იანგ ტაე კიმთან, რომელიც საქართველოში პირველად იმყოფება საქმიანი ვიზიტით.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას, რამდენადაც აღნიშნული სისტემის  ნებართვები პროფესიონალ გადამზიდველებს აძლევს მოქმედებების ფართო არეალს წევრი ქვეყნების, მათ შორის ევროკავშირის ტერიტორიაზე.  ასევე ხაზი გაესვა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) მიერ მიღებული ხარისხის ქარტიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მაღალტექნოლოგიური და ჰარმონიზებული გადაზიდვების განვითარებისათვის და აღნიშნული ქარტიის მოთხოვნების წარმატებულ იმპლემენტაციას საქართველოს მხრიდან.

მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლოდ მრავალმხრივი საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების კვოტების გაზრდის საკითხი. აღსანიშნავია, რომ ქართველი გადამზიდველები სრულად იყენებენ ზემოხსენებული კვოტების ფარგლებში გამოყოფილ საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვებს, რამაც მათ შეუქმნა პირობები ევროპის სატრანსპორტო ქსელში სრულფასოვანი ინტეგრირებისათვის. ამჟამად აღნიშნული კვოტებით სარგებლობს საქართველოში რეგისტრირებული   1100-მდე ეკოლოგიურად სუფთა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება.

საქართველოს მხარემ ასევე ისაუბრა საკვალიფიკაციო ცენტრის განვითარების და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების საკითხებზე და საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმთან (ITF) ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი – ITF (2006 წლამდე ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია ECMT) წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) არსებულ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 1953 წელს და დღეისათვის აერთიანებს 60 ქვეყანას.

საქართველო ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციას შეუერთდა 1997 წელს და ჩაერთო ECMT-ის მრავალმხრივი სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების სანებართვო სისტემაში. აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა საქართველოს ავალდებულებს ტრანსპორტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა ჰარმონიზაციაში მოიყვანოს საერთო ევროპულ კანონმდებლობასთან, მაქსიმალურად უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო პროცესის მიმართ დაწესებული სტანდარტების უნიფიკაცია და ერთიანი უსაფრთხო საავტომობილო სივრცის ფორმირება, რაც ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდება.

no images were found

|