სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორისა და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლის შეხვედრა
08.09.21
სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის, ლევან გამყრელიძის უშუალო ჩართულობით, საქართველო, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან, სატვირთო გადაზიდვების დამატებით ნებართვებს მიიღებს.
წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს საელჩოს ჩართულობით, თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. ანკარაში, გაიმართა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ლევან გამყრელიძის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სატრანსპორტო მომსახურების რეგულირების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან მურათ ბაშთორთან.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საავტომობილო მიმოსვლის სფეროში არსებული ბოლოდროინდელი შემაფერხებელი გარემოებები და დაისახა მათი გადაჭრის კონკრეტული გზები.
მხარეებმა განიხილეს კოვიდპანდემიით გამოწვეული ახალი გეოპოლიტიკური გარემოებები, შუა აზიის მიმართულებით არსებულ მარშრუტებზე თურქმენეთის მიერ საზღვრების ჩაკეტვის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები და ტვირთბრუნვაში ადრე არსებული ბალანსის აღდგენის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.
თურქეთის მხარემ გაიზიარა საქართველოს მხარის წინადადება საავტომობილო გადაზიდვების კვოტების ოპტიმიზაციის შესახებ მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით და გამოთქვა თანხმობა უახლოეს პერიოდისათვის საქართველოსთვის სატვირთო გადაზიდვების თურქული ნებართვების დამატებით გამოყოფის თაობაზე.
მხარეები შეთანხმდნენ საავტომობილო მიმოსვლის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარების აუცილებლობაზე და ამ კუთხით ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების გადაჭრის მიმართულებით მუშაობის გაღრმავებაზე.
მხარეებმა განიხილეს ასევე თანამედროვე ციფრული და ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის და მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის შექმნის საკითხი, რაც გულისხმობს ამჟამად მოქმედი ნებართვების ფიზიკური წარდგენის წესის გაუქმებას და ელექტრონულ ნებართვებზე გადასვლას, ეს კი საგრძნობლად გააადვილებს პროცესს. თურქეთის მხარემ აღნიშნა, რომ ელექტრონულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თურქეთი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს უზბეკეთთან, უკრაინასთან და სხვა ქვეყნებთან.
საქართველოს მხარემ თურქეთის მხარეს აცნობა, რომ იგი აღნიშნულ თემაზე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) შესაბამის მუშა ჯგუფთან, განაცხადა მზადყოფნა შეუერთდეს შემოთავაზებულ პროექტს და საკუთარი წვლილი შეიტანოს მის სრულყოფაში.