გადამზიდველთა საყურადღებოდ!
01.03.2021
გაცნობებთ, რომ ბოლო დროს, უნგრეთის BIREG-ის ელექტრონულ სისტემაში ნებართვის წინასწარი
რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით წარმოქმნილი ხარვეზების (არასრული ან არაზუსტი ინფორმაციის მითითება) შედეგად, ხშირია საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმების ფაქტები უნგრეთის ტერიტორიაზე (2000-2500 ევროს ოდენობით).
უნგრული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, BIREG-ის ელექტრონული სისტემა გამართულად მოქმედებს. მათი განმარტებით, სისტემაში რეგისტრაცია უკვე წარმატებით გაიარა ოთხმოცმა გადამზიდავმა საქართველოდან. ასევე დასტურდება, რომ დაჯარიმებულ კომპანიებს გავლილი აქვთ რეგისტრაცია, მაგრამ რეგისტრაციის დროს დაშვებულია შეცდომები, შესაბამისად განაცხადები არასწორად არის შევსებული, ან სისტემაში არ არის შეტანილი საჭირო დამატებითი ინფორმაცია (მაგ: სააღრიცხვო წიგნის უახლესი მონაცემები და ა.შ.)
უნგრეთის მხრიდან კიდევ ერთხელ განიმარტა, რომ გამოწერილი ჯარიმები და სატვირთო ავტომობილების მიმართ გატარებული ქმედებები (ავტომანქანებზე ხსნიან სანომრე ნიშნებს საჯარიმო თანხის გადახდამდე) სრულად შეესაბამება უნგრეთის კანონმდებლობას. მათ ასევე გვაცნობეს, რომ რეგისტრაციის პროცესის დარღვევის შემთხვევაში, გადამზიდველები ისევ დაექვემდებარებიან დაჯარიმებას.
უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, დაეხმაროს ცხელი ხაზის საშუალებით საქართველოს გადამზიდველ კომპანიებს მონაცემების შევსებაში : TEL: +3615100505 ინგლისურ, რუსულ და უნგრულ ენებზე, bireg@itm.gov.hu info@bireg.info.hu
აღნიშნული ცხელი ხაზისგან შესაბამისი ინფორმაციის ვერ მოპოვების, ან ჯარიმასთან დაკავშირებული სხვა დაბრკოლების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ სააგენტოს ცხელ ხაზს : 0322 236 55 01