BSEC

1992 წლის 25 ივნისს თერთმეტი ქვეყნის: ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოს, საბერძნეთის, მოლდავეთის, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთის და უკრაინის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს სამიტის დეკლარაციას და ბოსფორის განაცხადს, რითაც საფუძველი ჩაუყარეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) ორგანიზაციის შექმნას. მოგვიანებით, 2004 წლის აპრილში, ორგანიზაციის მე-12 წევრი სახელმწიფო გახდა სერბეთის რესპუბლიკა.

„BSEC“-ის მთავარ მიზნებს წარმოადგენს რეგიონის ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა, წევრი ქვეყნების ხალხის კეთილდღეობა და შავი ზღვის სივრცეში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა. დაარსების დღიდან „BSEC“ დიდ ყურადღებას უთმობს ტრანსპორტის სფეროსთან თანამშრომლობას. „BSEC“-ს უნდა ეფექტურად გამოიყენოს შიდა რეგიონის სიმძლავრე და გაზარდოს სატრანზიტო პოტენციალი შავი ზღვის რეგიონში. 1992 წელს „BSEC“-მა ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფი ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში, რომელიც სისტემატურად ატარებს სხდომებს და ასრულებს ამ ორგანიზაციის მუშა ორგანოს ფუნქციებს.

„BSEC“-ის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა შეხვედრები წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ, მაღალი დონის დე-ფაქტო სატრანსპორტო ფორუმს, რომელსაც გააჩნია საკუთარი საშემსრულებლო მექანიზმი – მუშა ჯგუფი, ხელმძღვანელი კომიტეტი და ექსპერტთა ჯგუფები.

გარდა ამისა, გრძელდება მუშაობა საავტომობილო გადაზიდვების ფაქტიური ხელშეწყობის მიმართულებით “BSEC“-ის რეგიონში “ტვირთის საავტომობილო გადაზიდვის ხელშეწყობის თაობაზე ურთიერთგაგების სპეციალური მემორანდუმის“ ფარგლები (ხელმოწერილია კიევში 2002 წელს, ხოლო ძალაში შევიდა 2006 წლის 20 ივლისს). ხელმძღვანელი კომიტეტი, რომელიც შეიქმნა ხელმომწერი ქვეყნების მიერ, ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, მუშაობს ყოველ მნიშვნელოვან საკითხზე , როგორიცაა სავიზო რეჟიმების გამარტივება პროფესიონალი მძღოლებისათვის, ორმხრივი და ტრანზიტული საავტომობილო გადაზიდვების თანდათანობით ლიბერალიზაცია, გაეროს უმნიშვნელოვანესი კონვენციების და საერთაშორისო შეთანხმებების ხელშეწყობა და შესრულება, სატვირთო მანქანების ეკიპაჟებისადმი გამოყენებული სოციალური წესების ჰარმონიზაცია, საზღვარზე ლოდინის დროის მონიტორინგი, სატრანსპორტო საშუალების წონის საერთაშორისო სერტიფიკატის დანერგვა, საგადასახადო პოლიტიკის ჰარმონიზაცია და სხვა.

2009 წლის 9 სექტემბერს სტამბოლში ხელმძღვანელი კომიტეტის მე-4 შეხვედრაზე საცდელ პროექტში მონაწილე „BSEC“-ის შვიდმა წევრმა ქვეყანამ, კერძოდ: ალბანეთმა, სომხეთმა, საქართველომ, მოლოდვამ, რუმინეთმა, სერბეთმა და თურქეთმა გამოხატეს ინტერესი და მზაობა „BSEC“ – ის ნებართვების საცდელ პროექტებში მონაწილეობის თაობაზე.

2011 წლის 12 დეკემბერს ქ. სტამბოლში ხელმძღვანელი კომიტეტის მე-6 შეხვედრაზე საცდელ პროექტში მონაწილე „BSEC“ – ის შვიდმა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა საცდელ პროექტში მონაწილეობის გაგრძელება 2012 წელს.

2012 წლის 12 დეკემბერს ქ. სტამბოლში „BSEC“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ გადაწყვიტა საცდელი პროექტი ექცია მუდმივმოქმედ საქმიანობად.

BSEC-ის საავტომობილო ტრანსპორტის ხელმშეწყობი საორგანიზაციო კომიტეტის შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა 2013 წლის 25 ნოემბერს ქ. სტამბოლში, უკრაინის დელეგაციამ აცნობა, რომ უკრაინა უერთდება „BSEC“ – ის ნებართვების პროექტს 2014 წლის 1 იანვრიდან. ასევე, საქართველომ, მოლდოვამ, რუმინეთმა და სომხეთმა აუწყეს „BSEC PERMIS“-ს, რომ 2014 წელს ისინი გამოიყენებდნენ „BSEC“–ის ნებართვებს მესამე ქვეყნის სატრანსპორტო ოპერაციებისთვისაც.

„BSEC“–ის ნებართვა არის ერთიანი დოკუმენტი, რომელსაც დაბეჭდავს და გაავრცელებს „BSEC PERMIS“ იმ რაოდენობით და იმ წესების შესაბამისად, რასაც ითვალისწინებს ხელმძღვანელი კომიტეტის ზემოთ აღნიშნულ სხდომაზე მიღწეული შეთანხმება. აღნიშნული ნებართვა გამოიყენება მხოლოდ ერთი წრიული რეისისათვის და ასეთი ნებართვის მფლობელ ცარიელ თუ დატვირთულ სატვირთო ავტომობილებს შეუძლიათ, ერთი წრიული რეისის განმავლობაში, ტრანზიტით გაიარონ ყველა მონაწილე წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, და/ან შეასრულონ ორმხრივი საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვები წევრ ქვეყნებთან და/ან გადაზიდონ ტვირთი მესამე ქვეყნებში ნაცვალგების საფუძველზე რაიმე სხვა ორმხრივი ან სატრანზიტო ნებართვის წარდგენის ვალდებულების გარეშე. BSEC-ის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება ერთი კალენდარული წლით  (1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით).

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) ოფიციალურ ვებსაიტს –   www.bsec-organization.org

|